Saturday, May 12, 2012

ტბელ აბუსერიძე





ტაო-კლარჯეთის გენია, მსოფლიოს გადასწვდენია,
იგი გვიშუშებს, გვიოხებს, წარსულში რაც აგვტკენია, 
ჩვენია თხემით ტერფამდე, სისხლ-ხორციანად ჩვენია,
ტაო-კლარჯეთში შობილი, კაცობრიობის გენია.
შენ გნატრობს შენი ხიხანი, შენი თაგო და ნენია,
ძილის წინ თავსასთუმალთან ვარსკვლავი ჩამოგფრენია,
კეთილ ვარსკვლავზე შობილო, ობოლი ერის გენიავ...
შენი გული და გუმანი, რა ძალამ ამოამთავროს,
კაცო კალოთის კალთებზე თავმიდებულო თავთავო,
გულწრფელობაზე გულწრფელო, თვით სიმართლეზე მართალო,
შენ შენი გშვენის გვირგვინი, შენი დაფნა და ფათალო,
შენ! - ვარსკვლავების მჩხრეკელო და რუსთაველის ბადალო! 

ზურაბ გორგილაძე

    აჭარა საქართველოს ისტორიული განვითარების კვალად ვითარდებოდა. განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში აჭარას ერისთავთ-ერისთავთა საგვარეულო აბუსერიძენი განაგებდნენ,რომელთაც განსაკუთრებულ აღზევებას XI საუკუნის პირველ ნახევარში მიაღწიეს. 
    ყოველი კუთხის ადგილს ისტორიულ განვითარებაში მკაცრად განსაზღვრავდა მისი გეოგრაფიული, სამეურნეო, სტრატეგიული და სხვა პირობები. ასე იყო აჭარაშიც. ვიწრო და მწირ ხეობაში მოქცეულ აჭარას, ძალიან უმძიმდა მეზობელ ქვეყნებთან მეტოქეობა. ამიტომაც იყო რომ ხან ერთს ექვემდებარებოდა, ხან - მეორეს... მცირე ხანს შეძლეს ერისთავთ-ერისთავებმა მხრების გაშლა (XI საუკუნის პირველი ნახევარი) და ეს იმიტომ, რომ აბუსერიძეთა სახლის წარმატება აქ კუთხის სამეურნეო ან სტრატეგიულ სიძლიერეს კი არ ეფუძნებოდა , არამედ პოლიტიკურ ფაქტორს და სანამ ის არ არსებობდა , აბუსერიძენიც წინ იდგნენ. გვიან შუა საუკუნეებში აჭარა ოსმალთა მფლობელობაში მოექცა. ასე დარჩა 1878 წლამდე.

   ერისთავთ-ერისთავთა საგვარეულოდან განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ისტორიაში XIII საუკუნის მწერალმა ტბელ აბუსერიძემ. ის რამდენიმე საყურადღებო თხზულების ავტორია.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტბელ აბუსერიძეს შეუდგენია ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომ, რომელიც 1223 წელით თარიღდება.

ხიხანი


ტბელობა

ტბელობა არის დღეის დღეობა,
ესაა ჩვენი სულის რთველობა.
რვაასი წელი ამას ელოდა
ჩვენი მეობა და გამძლეობა.
ტბალობა არის არა ღრეობა,
არა რაიმე ძველის ტყვეობა.
ესაა, ხიხან-სხალთის ხეობას
რომ მიემატოს მზე და მხნეობა.
იყო მტერობა, იყო მკვლელობა,-
ყველადროება ძარცვით გვეომა,
მაგრამ მაღალი რწმენის შენობა,
მთას რომ შვენოდა, ვერვინ შეღობა.
სახელოვანი ნიჭი, ხელობა,
ჩვენი ახლობა, ჩვენი ძველობა,
ჩვენი მთელობა, ჩვენი ქველობა
და ქართველობა, არის ტბელობა! 
ფრიდონ ხალვაში