Sunday, October 28, 2012

სოფელი გურძაული


"გავუდექით ბილიკს, ანუ, როგორც აქ ეძახიან, გზას,რომელსაც ქოლგასებრ ზედ დაჰყურებს კაკლის ხეები თავიანთი განიერი ტოტებით. გავიარეთ სოფელი გურძაული, ცნობილი თავისი რკინის წყლით. წყლის მთელ კალაპოტს ჟანგის ფერი აქვს. თან ისე უხვად მოდის, რომ ერთთვალიან წისქვილს აბრუნებს. სოფლელნნი ამ წყალს არ სვამენ, -ფახიმიანიაო (ცუდიაო) აქ უნდა შევნიშნოთ, რომ რკინისა და საზოგადოდ მადნეული წყლები აქეთკენ ხშირია..."
 თედო სახოკია, მოგზაურობანი, თბ., 1985. ,გვ. 304.



 
     გურძაული მდებარეობს მდინარე სხალთის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 900 მ. მ. ქამადაძე თვლის რომ ეს ტოპონიმი  წარმოქმნილა საკუთარ  სახელ გურძადან. ალ. ღლონტის ქართული ლექსიკონის მიხედვით, გურზი კომბლის მსგავს საომარ იარაღს ერქვა (თბ. 1964, გვ.81).გურძი თურქულ-სპარსული რკინის კეტს ერქვა. ს. ს.ორბელიანის განმარტებით,ბადროს, კვერთხსაც ეწოდება. აჭარულ ზეპირსიტყვიერებაში დაცულია გამოთქმა "გურზებ უქნევენ ერთმანეთს და სცოცავდნენ"საქართველოში ძველად ყოფილა სახელი გურიჯა, გურძა, გვარი გურჯიძე, გურძიშვილი. პროფესორ რ. შამილიშვილის მოსაზრებით, ეს სახელწოდება მიღებულია , ქართული ენისა და მისი ძველი თურქულ-სპარსული სახელი გურჯი, გურჯისტანიდან, რომელმაც მოგვცა სახელი გურჯა, გურძა. ასე მივიღეთ გურძაული, ანუ გურძას საცხოვრებელი ადგილი : სოფელი გურძაული.

სოფელი გურძაული

Monday, July 9, 2012

დიდი სელიმი

სელიმ ხიმშიაშვილი
XVIII საუკუნის 80-იანი წლების პოლიტიკურ ასპარეზზე აღზევდა სელიმ ხიმშიაშვილი.

1787 წელი... სელიმმა თავი მოიავადა რათა სულთნის ბრძანება თავიდან აეცილებინა ყარსს მომდგარ რუსებთან ბრძოლის თაობაზე, არ უხმო სულთანს.

1791 წელი... ივლისი 31, "აჭარელი სელიმ-აღა ხიმშიაშვილი მოვდა ახალციხეს 300 კაცით." რისთვის? ერთნი ფიქრობენ მეფე ერეკლე II-თან კავშირის დასამყარებლადო, სხვანი- ტახტისთვის საგვარეულო ბრძოლაში შერიფ ჯაყელის დასახმარებლადო.

1792 წელი, 14 მარტი, მეფე ერეკლე II მაშკაბას ბებუთაშვილს: "აჭარის ამბავიც შევიტყვეთ, სულეიმან ფაშიშვილს კაცი რომ გამოუგზავნა და გარიგება მოუნდომებია, იციც შევიტყვეთ."

1792 26 მაისი...სელიმ-აღა "ქალაქს (თბილისს) წავიდა."

1794 წელი... სელიმ-აღა იმერეთს გადავიდა, სოლომონ მეფის კარზე.

1800 წელი, 12 ნოემბერი...სელიმ ხიმშიაშვილი ახალციხეს ჩავიდა, 25 ნოემბერს კი აჭარას დაუბრუნდა და იწვია "ქუდზე კაცი"...

1801 წელი, 5 მაისი... რაბათს მისული სელიმი ალყად დადგა..."აჭარელმან და მეციხოვნეებმან ბრძოლა დაიწყეს და დღე და ღამე ციხითგან მრავალი ზარბაზანი ისროლეს..."

1801 წელი, 19 ოქტომბერი..."19 ოქტომბერს სელიმ-აღა აჭარელმა აიღო ახალციხე და გააძევა იქედან შერიფ-ფაშა..."

1801 წლის 29 ოქტომბერს სელიმმა ოლთისი აიღო.

1802 წელი სელიმ-ბეგმა ისარგებლა ახალციხის ფაშის შერიფ-ბეგის პოლიტიკურად აწეწილი მდგომარეობით და აჭარლების დახმარებით ახალციხიდან განდევნა და ფაშობა თვითონ ჩაიგდო. ბოლოს ისე გათამამდა, რომ სულთანს ურჩობაც კი შეჰკადრა. განრისხებულმა სულთანმა სიკვდილი მიუსაჯა.


1803 წელი... სელიმ ხიმშიაშვილი ახალციხის საფაშოს უზენაესი მპყრობელია (სახლთუხუცესია), მისი ძალა ბათუმისა და ფოთის ციხესიმაგრეებამდე აღწევს.

უკვე გულმოცემული სელიმი სამამულიშვილო საქმეებს იწყებს. საამისოდ მჭიდრო სამოყვრო ურთიერთობა გააბა სხვა ქართველ თავადებთან.
რვაასიანი წლების დასაწყისში სელიმი უმოყვრდება გურიის მთავარ სვიმონ გურიელს -სელიმის მცირეწლოვან ძეს უნიშნავენ სვიმონის ხუთი წლის ქალს - კესარიას...

1805 წელს ახალციხიდან გამოიქცა და აჭარაში იმალებოდა, თავის საგვარეული მამულში...

1815 წელი, სულთნის ბრძანებით გამოგზავნილ იქნა ჯარი, რომელსაც მეთაურობდა არზრუმის სერასქერი ბაბა-ფაშა, ფეხლევანად წოდებული. სელიმ-ფაშა მტერს ხირხათის (ხიხანის) ციხეში გაუმაგრდა. მან გაფანტა თურქთა ჯარი, რომელმაც რამდენჯერმე სცადა მისი შეპყრობა... დიდხანს არ გაგრძელებულა ხიხანის ბედუკკუღმართობა...

1815, მაისს 31, ხიხანის მოღალატე ციხისთავმა გახსნა კარი აუღებელი ხიხანისა...

1815, ივნისის 3, 60 წლისას თავი მოჰკვეთეს დაუძლეველ და დაუმორჩილებელ სელიმს...
"...მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ გურჯისტანი ოსმალეთს არ შერჩება, ამ ხსოვნას ჩემს შვილებს დავუტოვებ..."

3 ივნისს სელიმის თავკვეთის დღე აღინიშნება.


Saturday, June 16, 2012

ხიხანის ციხე



     
     სხალთისწყლის ხეობა, რომელიც ყველაზე მეტად საყურადღებოა ამ მხარეში, ღირსშესანიშნავია განსაკუთრებით ამ ხეობის სათავეში მდებარე ხიხანის ციხით.

       ხიხანის ციხე  ზღვის დონიდან 2600 მეტრს სიმაღლეზეა და წარმოადგენს განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, სამივ კუთხით მახლობელ მთებიდან ხრამებით მოშორებულს და მიუავლს ციხეს გარშემოვლებული აქვს ქვითკირის გალავანი, რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან ჩამოქცეულია. ალაგ-ალაგ გალავანს სარკმლები აქვს ჩატანებული. ხიხანზე სულ ოთხი სხვადასხვა დანიშნულების კოშკია. პირველი კოშკის სიმაღლე ათამდე მეტრი თუა დარჩენილი.  კოშკები სანახევროდ დანგრეულია.ციხის შიგნით ეკლესიაც ყოფილა. ციხეზე ადრინდელი მისასვლელი გზა მხოლოდ  სამხრეთ აღმოსავლეთიდან ივარაუდება. 
     ამ ციხის აშენების დრო უცნობია, ლეგენდის მიხედვით ის თამარის ეპოქას მიეკუთვნება.
        ... ხიხანის გადმოღმა , მთისუბანში ერთი მთის ძირა გვირაბია, რომელიც ადრე საიდუმლო გზა ყოფილა ხიხანიდან ზარზმამდე. ამ გზით ხიხანიდან ზარზმას დაბრძანდებოდაო თამარი სალოცავად და ღმერთთან ერისა და მამულის გადარჩენის სავედრებელადო.




 ხიხანი იყო აჭარის ერისთავთ-ერისთავთა აბუსერიძეთა , უფრო გვიან ხიმშიაშვილთა საბრძანისი. 1815 წ. აქ თავი მოჰკვეთეს  ოსმალებისათვის დაუმორჩილებელ ხიხანის არწივს სელიმ ხიმშიაშვილს.იმ დროისათვის ხიხანი ჯერ კიდევ აუღებელი ციხესიმაგრე იყო.

Saturday, May 12, 2012

ტბელ აბუსერიძე





ტაო-კლარჯეთის გენია, მსოფლიოს გადასწვდენია,
იგი გვიშუშებს, გვიოხებს, წარსულში რაც აგვტკენია, 
ჩვენია თხემით ტერფამდე, სისხლ-ხორციანად ჩვენია,
ტაო-კლარჯეთში შობილი, კაცობრიობის გენია.
შენ გნატრობს შენი ხიხანი, შენი თაგო და ნენია,
ძილის წინ თავსასთუმალთან ვარსკვლავი ჩამოგფრენია,
კეთილ ვარსკვლავზე შობილო, ობოლი ერის გენიავ...
შენი გული და გუმანი, რა ძალამ ამოამთავროს,
კაცო კალოთის კალთებზე თავმიდებულო თავთავო,
გულწრფელობაზე გულწრფელო, თვით სიმართლეზე მართალო,
შენ შენი გშვენის გვირგვინი, შენი დაფნა და ფათალო,
შენ! - ვარსკვლავების მჩხრეკელო და რუსთაველის ბადალო! 

ზურაბ გორგილაძე

    აჭარა საქართველოს ისტორიული განვითარების კვალად ვითარდებოდა. განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში აჭარას ერისთავთ-ერისთავთა საგვარეულო აბუსერიძენი განაგებდნენ,რომელთაც განსაკუთრებულ აღზევებას XI საუკუნის პირველ ნახევარში მიაღწიეს. 
    ყოველი კუთხის ადგილს ისტორიულ განვითარებაში მკაცრად განსაზღვრავდა მისი გეოგრაფიული, სამეურნეო, სტრატეგიული და სხვა პირობები. ასე იყო აჭარაშიც. ვიწრო და მწირ ხეობაში მოქცეულ აჭარას, ძალიან უმძიმდა მეზობელ ქვეყნებთან მეტოქეობა. ამიტომაც იყო რომ ხან ერთს ექვემდებარებოდა, ხან - მეორეს... მცირე ხანს შეძლეს ერისთავთ-ერისთავებმა მხრების გაშლა (XI საუკუნის პირველი ნახევარი) და ეს იმიტომ, რომ აბუსერიძეთა სახლის წარმატება აქ კუთხის სამეურნეო ან სტრატეგიულ სიძლიერეს კი არ ეფუძნებოდა , არამედ პოლიტიკურ ფაქტორს და სანამ ის არ არსებობდა , აბუსერიძენიც წინ იდგნენ. გვიან შუა საუკუნეებში აჭარა ოსმალთა მფლობელობაში მოექცა. ასე დარჩა 1878 წლამდე.

   ერისთავთ-ერისთავთა საგვარეულოდან განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ისტორიაში XIII საუკუნის მწერალმა ტბელ აბუსერიძემ. ის რამდენიმე საყურადღებო თხზულების ავტორია.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტბელ აბუსერიძეს შეუდგენია ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომ, რომელიც 1223 წელით თარიღდება.

ხიხანი


ტბელობა

ტბელობა არის დღეის დღეობა,
ესაა ჩვენი სულის რთველობა.
რვაასი წელი ამას ელოდა
ჩვენი მეობა და გამძლეობა.
ტბალობა არის არა ღრეობა,
არა რაიმე ძველის ტყვეობა.
ესაა, ხიხან-სხალთის ხეობას
რომ მიემატოს მზე და მხნეობა.
იყო მტერობა, იყო მკვლელობა,-
ყველადროება ძარცვით გვეომა,
მაგრამ მაღალი რწმენის შენობა,
მთას რომ შვენოდა, ვერვინ შეღობა.
სახელოვანი ნიჭი, ხელობა,
ჩვენი ახლობა, ჩვენი ძველობა,
ჩვენი მთელობა, ჩვენი ქველობა
და ქართველობა, არის ტბელობა! 
ფრიდონ ხალვაში

Friday, April 27, 2012

მამულისათვის თავდადებული


შერიფ (ალექსანდრე) ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი


შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი დაარსდა 2002 წელს ზემო აჭარაში, სხალთაში შერიფ ხიმშიაშვილის ყოფილ საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს სხალთა-ხიხანის ხეობაში, მდინარე სხალთისწყლის მარცხენა სანაპიროზე.




შერიფ ხიმშიაშვილი
 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს აჭარელთა ცნობილმა თავკაცმა შერიფ ხიმშიაშვილმა ყველაფერი გააკეთა რათა სამხრეთ-დასავლეთ საქართველო დედასამშობლოს დაბრუნებოდა. შერიფ ხიმშიაშვილმა და მისმა შთამომავლებმა პირნათლად შეასრულეს მთი სახელოვანი წინაპრის სელიმ ხიმშიაშვილის ანდერძი, რომელიც წარმოთქვა სიკვდილის წინ - "მართალია მე თავს მჭრით, მაგრამ გეტყვით გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შეგრჩებათ, ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებო."






Tuesday, April 24, 2012

სხალთის მონასტერი

სხალთის მონასტერი
    სხალთის ეკლესია უდიდესი მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს  და საპატიო ადგილი უკავია ქართული ხუროთმოძრვრების სხვა იშვიათ ნიმუშებს შორის.ეკლესიის აგების შესახებ ცნობები დაცული არ არის . მკვლევარების აზრით სხალთის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების აყვავების ხანას , X- XIII საუკუნეებს მიეკუთვნება.

    იგი აშენებულია გზის მარჯვენა მხარეს მდინარე სხალთისა და მისი შენაკადის - ფაჩხისწყალს შორის მდებარე მაღალი მთის ოდნავ მოვაკებულ ტერასაზე.მოედანი შემოფარგლულია მრავალჯერ აღდგენილი საკმაოდ ვრცელი გალავნის კედლით და მისი კონფიგურაცია რელიეფითაა განპიროვნებული. პლატო, რომელზედაც ზღუდეა აშენებული, მოქცეულია სხალთის და მის მარჯვენა შენაკად ფაჩხისწყალს შორის. ძველად სწორედ აქ გაივლიდა ბათუმსა და არდაგანს თუ ახალციხეს შორის დამაკავშირებელი საქარავნო გზა (ამჟამად სამანქანე გზა). 

     ხუროთმოძრვრების ეს იშვიათი ნაგებობა იმაზე მიგვითითებს, რომ სხალთა თავის დროზე ერთ-ერთ დიდ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა მთელ აჭარაში.ასეთი დიდი მოცულობის ტაძრის აგება მოსახლეობის ეკონომიკური და კულტურული ძლიერებით და დიდი სულიერი მოთხოვნილებით იყო ნაკარნახევი.აქვე ამ ტაძრის ეზოში არის მცირე ეკლესიის შენობის საძირკვლის ნაშთები.აქვე არის მარანი და საყოფაცხოვრებო მნიშვნელობის ნაგებობის ნაშთები, რომლებიც იმაზე მიუთითებს ,რომ სხალთა თავის დროზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა. როგორც ტაძრის , ისე სხვა ნაგებობების შესახებ არავითარი ცნობები არ არის დაცული ისტორიულ საბუთებში. ისტორიკოსებიცა და მოგზაურებიც ძირითადად ჩვენამდე კარგად მორწეული სხალთის ტაძრის აღწერითა და ზოგადი დათარიღებით შემოიფარგლებიან. 

    პირველი მკვლევარი, ვისი ყურადღებაც მიიქცია სხალთის ტაძარმა, იყო დ. ბაქრაძე. "სხალთის ეკლესიის შესახებ ... ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მეფე ალექსანდრე I ( XV ს. ) გუჯრით სოფელი სხალთა მცხეთის საპატრიარქო კათედრის კუთვნილებად იყო აღიარებული. გარდა ამისა ზოგი ადგილობრივი მოხუცი მარწმუნებდა, თითქოს სხალთის ეკლესია საეპისკოპოსო ყოფილიყოს, მაგრამ ამის დამამტკიცებელი არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება."

   (დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, 1987, გვ. 57.)სხალთის ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, აღმოსავლეთიდან გამოწეული შვიდწახნაგა საკურთხევლით და სამხრეთისა და დასავლეთის შემდგომი მინაშენებით.სოფელი სხალთა სხალთისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე მთელი სხალთა შერიფ ბეგ ხიმშიაშვილს "ეკუთვნოდა". 1873 წელს აქ მისთვის საზამთრო რეზიდენცია აუშენებიათ.